...

დროის მართვა და NLP დროის მოდელები

სოციალური ქსელი


  • დროარ იცდის
  • ამის დრო არ მაქვს
  • დროს ვერ გამოვნახავ
  • დრო ჩვენ წინააღმდეგ არის
  • არასდროს მაქვს დრო
  • დრო ჩვენზე მუშაობს
  • დრო ყველაფრის მკურნალია

ეს ის მეტაფორებია, რომლებსაც ყოველდღიურ მეტყველებაში ვიყენებთ დროის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამოსახატავად. ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ გამოთქმებს ჩვენს ქცევაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. ჩვენ მიერ გამოყენებული მეტაფორები არის დროის აღქმის ფილტრი, რომელიც გავლენას ახდენს დროის მარკირების ჩვენეულ უნარზე.

თუ ზემოთ მოყვანილ მეტაფორებს გავაანალიზებთ, სადაც საუბარი იმაზეა, რომ: დრო ქონებაა – ის შეიძლება გქონდეს ან არა; ის შეიძლება მონახო; დროს აქვს ფიზიკური ფორმა და ენერგია; დროს შეუძლია, ვინმეს უპირატესობა მიანიჭოს და ვინმეს მხარე დაიკავოს; დრო დეფიციტური პროდუქტია – დავინახავთ იმ შეზღუდვებს, რომლებსაც თავად ვუყენებთ საკუთარ თავს.

სიტყვები, რომლებსაც ყოველდღიურ საუბარში ვხმარობთ, მიანიშნებს, თუ როგორ აღვიქვამთ დროს; ისე, როგორც სენსორული პრედიკატები მიანიშნებს ძირითად რეპრეზენტაციულ სისტემაზე (იხ. ჟურნალი „ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, 2007, №9)

გამოთქმა: „ოდესმე, უკან რომ მოიხედავ, ამის გამო მადლობას გადამიხდი“ ან „უკან რომ ვიყურები, ეს ყველაფერი სასაცილოდ მეჩვენება“ გულისხმობს, რომ წარსულის მოგონებას სადღაც უკან ვინახავთ. მსგავსი სახით, ჩვენ ვამბობთ, რომ „წინ ვიყურებით“, როცა ვფიქრობთ ისეთ მოვლენებზე, რომლებიც ჯერ არ მომხდარა. ამ შემთხვევებში ინსტინქტურად ვსარგებლობთ მეტაფორით, რომელიც დაკავშირებულია სივრცესთან და ადგილმდებარეობასთან.

თითოეული ჩვენგანი დროს თავისებურად აღიქვამს, მიუხედავად იმისა, რომ მას საერთო სტანდარტული ერთეულებით ვზომავთ. ზოგი ისე იქცევა, თითქოს, მის განკარგულებაში უამრავი დროა, სხვებისთვის კი დღეში ოცდაოთხი საათიც არ არის საკმარისი. ზოგს რამდენიმე წლის დაგეგმვა შეუძლია, სხვა კი გამოსასვლელ დღეებს იქით ვერ იყურება. ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისაგან წარსული მოვლენების გახსენების მხრივაც. ამ განსხვავებას ყოველთვის არ განსაზღვრავს სამუშაოს ხასიათი და საკუთარი დროის განკარგვის უნარი. ამას ხასიათის თვისებები და პიროვნული მახასიათებლები განაპირობებს. ადამიანის მიერ დროის შინაგანი აღქმის ფორმა განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ვიხსენებთ წარსულის მოვლენებს, როგორ განვიცდით აწმყოს და როგორ ვგეგმავთ მომავალს.

დრო განსხვავებულ კულტურებში – ანგლოევროპული და არაბული დრო

ადამიანების მიერ დროის განსხვავებული აღქმა შეი- ძლება უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, სანამ არ გავიგებთ, რომ განსხვავებულ კულტურებში დროსთან დაკავშირებული განსხვავებული მეტყველების და აზროვნების ნორმები არსებობს. ევროპული და აზიური კულტურების შესაბამისად განსაზღვრავენ დროის ანგლო-ევროპულ და არაბულ რეჟიმს.

„ანგლო-ევროპული დრო“ ინდუსტრიული რევოლუციის შედეგია. იმისათვის, რომ კონვეიერმა იმუშაოს, ყველა მუშა სამსახურში დროზე უნდა მოვიდეს. კონვეიერი ითხოვს, რომ დრო ხაზობრივად იყოს სტრუქტურირებული. კონვეიერის მუშაობის ყოველ ეტაპზე თითოეულ მუშას პროდუქტის დამზადებაში თავისი გარკვეული წვლილი შეაქვს. ანგლო-ევროპულ დროში მოვლენები ერთმანეთის მიყოლებით ხორციელდება – ერთ მოვლენა მეორე მოვლენის შემდეგ ხდება. დრო ხაზობრივად აღიქმება და მოვლენები დროში ისევეა განთავსებული, როგორც კონვეიერზე.

მეორე მხრივ, არსებობს „არაბული დრო“, რომელიც დროის მიმდინარეობის სრულიად განსხვავებულ წარმოდგენას გვთავაზობს. ეს კონცეფცია მიესადაგება არა მხოლოდ არაბებს, არამედ ყველა ისლამური და თბილი ქვეყნის წარმომადგენელს. „არაბულ დროში“ ყველაფერი ერთსა და იმავე დროში – აწმყოში ხდება. ეს ადამიანები „მიმდინარე მომენტში“ ცხოვრობენ.

ანგლო-ევროპული დროის მიმდევარისთვის არაპუნქტუალურობა უკულტურობის და ცუდი აღზრდის ნიშანია. იგი დათქმულ შეხვედრაზე არც ერთი წუთით არ იგვიანებს. ის, ვინც არაბულ დროს ეყრდნობა, დათქმულ ვადებს და შეხვედრის ქრონომეტრაჟს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს: თუ დღეს არ მოვიდა, შესაძლოა, ხვალ მოვიდეს! ამან შეიძლება გააღიზიანოს სხვა კულტურის წარმომადგენელი.

მეორე მხრივ, არაბული კულტურის წარმომადგენელი უხეშობად მიიჩნევს, სათანადო ყურადღება არ მიაქციოს სტუმარს, რამდენი დროც უნდა დასჭირდეს მასთან შეხვედრას. ამისათვის შეუძლია, ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმე გადადოს.

ზემოთ აღნიშნული კლასიფიკაცია მხოლოდ ზოგად ტენდენციებზე მიუთითებს. დროის მიმართ დამოკიდებულების მხრივ სერიოზული განსხვავებებია ამა თუ იმ კულტურის წიაღში; სოფლის და ქალაქის მაცხოვრებლებს შორის; ერთი გეოგრაფიული სივრცის, ერთი ეროვნებისა და ერთი კულტურის წარმომადგენლებს შორის ბევრი ინდივიდუალური გამონაკლისი არსებობს. ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანს ემართება „პიროვნების გახლეჩა“ – ის განსხვავებულად იქცევა სამსახურსა და სახლში. ამის გარდა, ადამიანის დროის მიმართ დამოკიდებულება ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად იცვლება. თითოეული ჩვენგანი დროის კოდირების საკუთარი მეთოდით სარგებლობს. ამიტომ, ჩვენს პრიორიტეტებს ბოლომდე ვერც კულტურა ხსნის და ვერც აღზრდა. ყველა ადამიანს საკუთარი „სამყაროს მოდელი“ აქვს.

ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში დროის წარმოდგენისათვის მეტაფორულად გამოიყენება სივრცე – როცა დროს წარმოვიდგენთ, მას სივრცობრივ ასპექტს ვაძლევთ. აღმოჩნდა, რომ ადამიანები დროს ძირითადად წრფის (ხაზის) სახით წარმოიდგენენ.

იმისათვის, რომ ავხსნათ, თუ როგორ ვიხსომებთ და ვინახავთ განცდებს დროში, ნეიროლინგვისტური პროგრამირება დროის ხაზის იდეას გვთავაზობს. დროის ხაზი ცხოვრებისეული განცდების ქრონოლოგიური თანმიმდევრობაა. ჩვენი ქცევა და აღქმა დამოკიდებულია წარსულ გამოცდილებაზე, მოგონებების ერთიანობაზე. განცდა სივრცესა და დროში განსაზღვრავს ჩვენს უნიკალურობას, იმას, რასაც ცნობიერებას და პიროვნებას ვუწოდებთ.

თქვენი უნიკალური პიროვნება თქვენს ინდივიდუალურ დროის ხაზს ასახავს. ის მოიცავს ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც წარსულში მიიღეთ და რომელიც გავლენას ახდენს თქვენს აწმყოზე, ანუ მოიცავს თქვენს პირად ისტორიას, რომელიც საათების, დღეებისა და წლების მიხედვით არის გაწერილი. ეს გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაში.

დროის ხაზი – მეტაფორაა. მასში გამოიყენება ფიზიკურ სივრცეში (რომელშიც ჩვენი სხეულია მოთავსებული) დროის მარკირების პრინციპი. არის შემთხვევები, როცა დრო ორგანიზებულია, როგორც ქრონოლოგიური ხაზი, რომელიც წარსულიდან მოდის, აწმყოს გაივლის და მომავალში მიდის. გაცილებით რთული კონსტრუქციების მქონე ადამიანებიც არსებობენ. მაგრამ აღმოჩენილია ზოგიერთი ზოგადი პრინციპი, რომელიც უმრავლესობას ახასიათებს. ამის საფუძველზე ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში გამოყოფენ დროის ხაზის ორ ძირითად ფორმას: „დროის გვერდით“ და „დროში“. თითოეულ მათგანს თავისი უპირატესობა და ნაკლი აქვს.

ცხოვრება „დროის გვერდით

„დროის გვერდით“ მცხოვრები ადამიანის დროის ხაზი ხშირად მიმართულია მარცხნიდან მარჯვნივ – წარსულიდან მომავლისაკენ, მაგრამ ზოგი მას საწინააღმდეგო მიმართულებას აძლევს. შეიძლება ის ზევიდან ქვევით მიდიოდეს, კუთხეს ქმნიდეს ან „V“-ს მაგვარი ფორმით გამოირჩეოდეს. ყოველ მათგანს ერთი საერთო მახასიათებელი აქვს – დროის ხაზი მთლიანად იმყოფება ადამიანის თვალთახედვის არეში. წარსულის ყველა მოგონება, აწმყოს შთაბეჭდილებები და მომავლის ხატები ადამიანის თვალწინაა მოთავსებული. მას შეუძლია „დაინახოს“ წარსული და „გაიხედოს“ მომავალში. „დროის გვერდით“ ხაზის მქონე ადამიანი „ანგლო-ევროპული დროის“ რეჟიმში ფუნქციონირებს.

ადამიანი, რომელიც „დროის გვერდით“ ცხოვრობს, კარგად აცნობიერებს დროის მიმდინარეობას და განიცდის, როცა გარშემომყოფები დროს შესაბამის პატივს არ სცემენ. მისთვის წარსული და მომავალი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც – აწმყო. მას ხშირად ყურადღებას უფანტავს აზრები წარსულისა და მომავლის შესახებ. შეიძლება ის ფიზიკურად აქ იყოს, მისი გონება კი – სადღაც შორს. მომავალში გახედვა მისთვის არა მხოლოდ პოზიტიური დაგეგმვის საშუალება, არამედ შფოთვის და მღელვარების მიზეზიც შეიძლება გახდეს. წარსულმა, რომელსაც სასარგებლო გამოცდილება მოაქვს, ამავდროულად, არ არის გამორიცხული, სინანული და სინდისის ქენჯნა გამოიწვიოს.

დროს ყველაზე დიდი ფასი აქვს. „დროის გვერდით“ მცხოვრებ ადამიანს არ უყვარს დროის „გაფლანგვა“. ის მომსახურებას (მაგალითად – კონსულტანტის მომსახურებას) დახარჯული დროის საფუძველზე აფასებს. ხანგრძლივობა ფულადი კომპენსაციის საზომი ხდება. მას უნდა, იმავე ფასად გაზარდოს მომსახურების ხანგრძლივობა, რადგან, მისი აზრით, დროს თავად აქვს ფასი.

„დროის გვერდით“ მცხოვრები ადამიანი ხშირად იყენებს ბლოკნოტების და ორგანაიზერების რთულ სისტემებს, მას ყოველთვის თან დააქვს კალენდარი. ასეთმა ადამიანმა უნდა აღნიშნოს ყველა ცხოვრებისეული მოვლენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგეგმილ საქმეს ვერ გააკეთებს და დროს ჩამორჩება. ის, როგორც წესი, შეხვედრებზე არ აგვიანებს, შეიძლება, ერთი საათით ადრეც კი მოვიდეს, რადგან დაგვიანება მისთვის წარმოუდგენელია. დროზე მოსვლა ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად შეხვედრა.

„დროის გვერდით“ მყოფი ადამიანები საკუთარი ცხოვრების დიდ ნაწილს დაკვირვებაში ატარებენ. ისინი დაგეგმარების კარგი სპეციალისტები ხდებიან, ყველაფერს ორგანიზებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებენ. ხვალისთვის არ გადადებენ საქმეს, რომლის გაკეთებაც დღეს შეუძლიათ. „დროის გვერდით“ მყოფი ადამიანი იტყვის: „მოდით, ახლავე გადავწყვიტოთ ეს საკითხი“.

ცხოვრება „დროში

„დროში“ მცხოვრები ადამიანის დროის ხაზი წინიდან (მომავალი) უკან (წარსული) მიემართება, მისი გარკვეული ნაწილი თავად ადამიანში გადის და მის „შიგნით“ ექცევა. წარსული ხვდება ზურგს უკან და უხილავია. „დროში“ ხაზის მქონე ადამიანი „არაბული დროის“ რეჟიმში ფუნქციონირებს.

ამ ტიპის ადამიანს არ შეუძლია წარსულიდან ან მომავლიდან რაიმე სარგებლის გამოტანა. ის „აქ და ამჟამად“ ცხოვრობს და მხოლოდ იმას ხედავს, რაც გარშემო ხდება. მისთვის მომავალი სადღაც შორს არის. ამიტომ, იშვიათად იწუხებს თავს რაიმეს წინასწარი დაგეგმვით და ნაკლებად აინტერესებს წარსულის გამოცდილება. ის არასდროს ცხოვრობს წარსულის მოგონებებით.

„დროში“ მცხოვრები ადამიანი საერთოდ არ ზრუნავს პუნქტუალურობაზე და ხშირად აგვიანებს შეხვედრებზე, რადგან მისთვის „ამჟამად“ უფრო მნიშვნელოვანი და რეალურია, ვიდრე მომავალი. ის მთლიანად ჩართულია „ამჟამად მიმდინარე პროცეს- ში“ და ყურადღებას არ აქცევს დროის განრიგს და გრაფიკებს, ხშირად წელავს ვადებს. ის არ ითხოვს პრობლემების დაუყოვნებლივ გადაწყვეტას. სხვის მიერ შესრულებულ სამუშაოს (მაგალითად – კონსულტაციას) მხოლოდ მისი შედეგის საფუძველზე აფასებს, თუნდაც, ის რამდენიმე წუთს გრძელდებოდეს. არ იყენებს ბლოკნოტებს და ორგანაიზერებს, იშვიათად ინიშნავს რამეს და თუ ჩაინიშნა, შეიძლება, არასდროს წაიკითხოს.

ცხოვრებას „დროში“ თან ახლავს ბევრი ემოცია. როცა ასეთი ადამიანი რაიმეს იხსენებს, თავიდან განიცდის იმ გრძნობებს, რომლებიც მოგონებას ახლავს თან. „დროში“ მცხოვრები ადამიანები ადვილად ეგუებიან ნებისმიერ გარემოსა და პირობებს.

თუ საკუთარ თავში ორივე ტიპის მახასიათებლებს აღმოაჩენთ, შესაძლებელია, მოვლენებს ორივე საშუალებით ინახავთ – „დროის გვერდით“ და „დროში“.

დროის განსხვავებული კონცეფციების ცოდნა დაგეხმარებათ, მაქსიმალურად გამოიყენოთ დრო, დაგეგმოთ თქვენი ქცევა ისე, რომ მიზანს მიაღწიოთ, გახდეთ უფრო მოქნილი ადამიანებთან ურთიერთობისას, სიტუაციის და გარე მოვლენების შესაბამისად შეცვალოთ დროის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება. ეს მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც განსხვავებული დროის ხაზის მქონე ადამიანთან ურთიერთობთ. ამას გარდა, შეგიძლიათ, ჩაატაროთ ექსპერიმენტი და ეცადოთ, შეცვალოთ საკუთარი დროის ხაზი (დიდი ან მცირე ხნით). მაგალითად, მოლაპარაკების დროს შეიძლება დაგჭირდეთ თქვენს პარტნიორთან „მიერთება“ და თქვენი დროის აღქმის შეცვლა, რათა სასურველ შედეგს მიაღწიოთ. მიღებული უკუკავშირის შესაბამისად დროის რეჟიმის შეცვლა ზოგი ადამიანისათვის ბუნებრივი პროცესია, ხოლო ზოგისთვის ამის სწავლაა საჭირო.

დროის ხაზი ყოველთვის სანიმუშოდ ემსახურება თავის მფლობელს. არ არსებობს კარგი და ცუდი დროის ხაზი. მთავარია ის, თუ რამდენად სასარგებლოა თქვენი დროის ხაზი თქვენთვის. თუ ის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის, წარმოიდგინეთ, რას მიანიჭებდით უპირატესობას. რამდენად ეფექტიანად შეგიძლიათ სამუშაოს დროზე დამთავრება? შეგიძლიათ თუ არა დროის გრაფიკის დაცვა? შეგიძლიათ თუ არა, წინასწარ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი და დიდი პროექტები?

თუ გინდათ, სრულყოთ ამ სფეროებიდან რომელიმე, შეიძლება თქვენთვის სასარგებლო იყოს არასტანდარტული დროის ხაზი. დასავლური ბიზნესისათვის ყველაზე კარგია „V“-ს ფორმის დროის ხაზი, რომელიც ადამიანის თვალთახედვის არეში მდებარეობს.

არის შემთხვევები, როცა სასარგებლოა დროში ცხოვრება, მაგალითად – წვეულებაზე და შვებულების დროს, ოჯახთან ერთად დასვენებისას. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება უკეთესი იყოს, დროის გასწვრივ იცხოვროთ და გარემოში მიმდინარე პროცესებს დააკვირდეთ.

თუ თქვენს დროის ხაზს განსაზღვრავთ, შეძლებთ მის გამოყენებას დაგეგმვის ეფექტიანი სისტემის სახით. ეს კი დაგეხმარებათ, წარმატებები დაგეგმოთ.

P.S. გთავაზობთ ნეიროლინგვისტური პროგრამირების სავარჯიშოს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გამოიყენოთ დრო, როგორც რეალური სივრცობრივი ობიექტი და მომავალი წარმატება დაგეგმოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ სავარჯიშოს შესასრულებლად, გარკვეული სივრცე დაგჭირდებათ.

წარმატების დაგეგმვა

გელით თუ არა მომავალში საქმე, რომლის წარმატებით შესრულებაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და თქვენი ჯგუფისთვის, ან თქვენი ორგანიზაციისათვის? ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შეხვედრა, თქვენს ჯგუფთან ერთად თქვენი მომავალი საქმიანობის დაგეგმვა, საქმიანი მოლაპარაკება, პრეზენტაცია მომხმარებლისთვის, სტრატეგიული ანგარიში, მსხვილი პროექტი, სამსახურებრივი ინტერვიუ და ა.შ.

  • ნაბიჯი I – განსაზღვრეთ ამოცანა, რომლის შესრულებაც წარმატებით გსურთ.
  • ნაბიჯი II – წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მომავალი დროის ხაზი თქვენ წინ ხალიჩასავით არის დაგებული.
  • ნაბიჯი III – მოათავსეთ ხაზზე საკუთარი თავის წარმოსახვითი ხატი (სურათი), რომელმაც წარმატებით შეასრულა ზემოთ აღნიშნული ამოცანა. ხატი იმ მანძილზე უნდა მოთავსდეს, რომელიც შესაფერისად გეჩვენებათ. გახადეთ ხატი რაც შეიძლება მკვეთრი და მრავალფეროვანი. ეს ხატი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის – ბრტყელი, სამგანზომილებიანი, მოძრავი და, თუ გნებავთ, ახლდეს ხმის ეფექტი.
  • ნაბიჯი IV – გაიარეთ თქვენი დროის ხაზზე, გაჩერდით იქ, სადაც თქვენი ხატია მოთავსებული და ეცადეთ, მთლიანად შეერწყათ ამოცანის წარმატებულად განხორციელების გრძნობას. შეიგრძენით, რა სასიამოვნოა ასეთი წარმატების მიღწევა? დატკბით ამ გრძნობით.
  • ნაბიჯი V – გასცდით თქვენს ხატს გარკვეული მანძილით, შემობრუნდით და დააკვირდით თქვენი დროის ხაზს. ყურადღება მიმართეთ მანძილზე „ახლანდელ წერტილსა“ და თქვენს წარმატებულ ხატს შორის. წარმოიდგინეთ ყველაფერი, რაც უნდა გაგეკეთებინათ, რათა ამ წარმატებისათვის მიგეღწიათ. ქვემოთ ჩამოთვლილი შეკითხვები დაგეხმარებათ, რომ თქვენს აზრებს სწორი მიმართულება მისცეთ:

  • რა გეგმები უნდა განგეხორციელებინათ?
  • ვისთვის უნდა გეცნობებინათ თქვენი დავალების შესახებ?
  • ვისთან უნდა გაგეცვალათ ინფორმაცია?
  • ინფორმაციის გაცვლის რომელი სახე იყო ყველაზე შესაფერისი?
  • დაგჭირდათ თუ არა დამატებითი ინფორმაცია და როგორ მოიპოვეთ ის?
  • დაგეხმარათ თუ არა გამოცდილების მქონე და წარმატებული ადამიანების რჩევები?

ამ ეტაპზე წარმოიდგენთ (ვიზუალური ხატების სახით), რომ შეასრულეთ ყველაფერი, რაც უნდა გაგეკეთებინათ, რათა წარმატებისათვის მიგეღწიათ. თუ დარწმუნდებით, რომ ყველაფერი გათვალისწინებულია, შეგიძლიათ მოათავსოთ ეს მოვლენები (თქვენი წარმოდგენილი ხატები) თქვენს დროის ხაზზე იმ ადგილებში, რომლებიც, თქვენი აზრით, მათთვის ყველაზე შესაფერისია.

  • ნაბიჯი VI – როცა თქვენს ყველა ხატს დროის ხაზზე განალაგებთ, შეგიძლიათ დაბრუნდეთ უკან, საწყის („ახლა“) პოზიციაში, გზადაგზა გაჩერდეთ ყველა ხატში, რათა მთლიანად ასოცირდეთ ამ საქციელთან. როცა საწყის პოზიციაში დაბრუნდებით და თქვენს დროის ხაზს შეხედავთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ – დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ თქვენ მიერ განსაზღვრული ყველა დავალება საკმაოდ დაწვრილებით არის აღწერილი. თუ პასუხი დადებითია – თქვენ დაამთავრეთ სავარჯიშო. თუ რაიმე ეჭვები გაქვთ და ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ, კიდევ ერთხელ გაიარეთ დროის ხაზზე, სანამ არ მოხვდებით იმ ადგილზე, სადაც ჭოჭმანს იწყებთ და შეიტანეთ ნებისმიერი ცვლილება, რასაც საჭიროდ ჩათვლით.

ეს ტექნიკა საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ უკუკავშირი იმის შესახებ, თუ რამდენად რეალურია თქვენ მიერ დაგეგმილი ამოცანები; გათვალისწინებულია თუ არა ყველა საკითხი; გამოყავით თუ არა საკმარისი დრო თითოეული კონკრეტული საკითხის განხორციელებისათვის, რათა უზრუნველყოთ სასურველი შედეგის მიღწევა. ზემოთ მოყვანილი კითხვები მოცემულია, როგორც მაგალითი და არ მოიცავს ყველა ასპექტს. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საკუთარი შეკითხვები, რომლებიც უფრო უკეთ მიესადაგება თქვენს კონკრეტულ ამოცანას.

აღნიშნული ტექნიკა შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისათვის, რომ დაგეგმოთ წარმატება ყველა მომავალ დავალებაში; მაგრამ ის განსაკუთრებით სასარგებლოა მსხვილი პროექტების დაგეგმვისათვის, განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელშიც ნაკლები გამოცდილება გაქვთ.

  • წყარო: ჟურნალი „ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“
  • #ინვესტიციაგანათლებაში
Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.