რა არის ამჟამად თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ გახლავთ – შეკითხვის დასმისთანავე იწყება პრიორიტეტების მინიჭების რთული პროცესი. გონებაში ამოტივტივდება ცხოვრების ყველა შესაძლო ასპექტი და სანამ რომელიმე მათგანის სასარგებლოდ გააკეთებთ არჩევანს, გახსენდებათ ახალი.
როდესაც წარმატებაზე ფიქრობთ, არსებითია, გაარკვიოთ, ცხოვრების რომელი სფეროა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ცხოვრების წამყვანი სფეროს გარკვევა საჭიროა, რათა ნათელი გახდეს, თუ რას უნდა მიაღწიოთ, რომ საკუთარ თვალში იყოთ წარმატებული! როდესაც ადამიანი მისთვის არც ისე მნიშვნელოვან სფეროში აღწევს წარმატებას, მაშინ იგი საკუთარ თავს წარმატებულ ადამიანად არ აღიქვამს. თუმცა სხვები მას ამგვარად აფასებენ.
ქვემოთ გთავაზობთ სხვადასხვა სფეროს არასრულ სიას განმარტებების ერთი ვარიანტით, რა თქმა უნდა, მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის.
სხეულისა და სულიერი ჯანმრთელობა
ცხოვრებაში წარმატება ჩემთვის ნიშნავს, რომ… შემეძლოს ჩემი სხეულისა და სულიერი ჯანმრთელობის ოპტიმალურად შენარჩუნება ან აღდგენა. მაგალითად, სხეულის სასურველი წონის შენარჩუნება.
ხასიათის განწყობა
ცხოვრებაში წარმატება ჩემთვის ნიშნავს, რომ… ვისწავლო პოზიტიურად აზროვნება. გამოცდილებით ვიცი, რომ ნეგატიური გრძნობები და აზრები ხელის შემშლელია, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ. ამისი შეცვლა მინდა!
ფინანსური მდგომარეობა
ცხოვრებაში წარმატება ჩემთვის ნიშნავს, რომ… მივაღწიო ნამდვილ ფინანსურ დამოუკიდებლობას, კეთილდღეობას. მნიშვნელოვანია ფულის შოვნის ჭკვიანური და პრაქტიკული სტრატეგიის შემუშავება და წარმატებით გამოყენება.
ოჯახი/მეგობრების წრე
ცხოვრებაში წარმატება ჩემთვის ნიშნავს, რომ… ჩამოვაყალიბო და შევინარჩუნო ჭეშმარიტად კარგი პიროვნებათშორისი ურთიერთობები. ამის მიღწევა ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ წარმატება ღირს ამ ძალისხმევად. როდესაც საქმე ეხება დელეგირებას, სხვათა ინფორმირებას ან მოტივირებას, კომუნიკაციის მეშვეობით ბარიერების გადალახვა ჩემთვის წარმატების ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტია.
საინტერესო საქმის კეთების შესაძლებლობა
ცხოვრებაში წარმატება ჩემთვის ნიშნავს, რომ… არ მომწყინდეს. ვეძებ თავგადასავლებს. მსურს ახალი საქმე ვაკეთო, ვისწავლო ჩემი შესაძლებლობების ოპტიმალურად გამოყენება და მუდამ მოხიბლული ვიყო რაიმეთი. ამიტომ, მე ან ისეთი სამუშაო უნდა ვიპოვო, რომელიც ამგვარ შესაძლებლობას იძლევა, ან თავისუფალი დრო დავგეგმო შესაბამისად. მსურს, შევარჩიო ცოდნის ის სფერო, რომლებშიც შემდგომი განვითარება შემიძლია.
წარმატების გამოცდილება
ცხოვრებაში წარმატება ჩემთვის ნიშნავს, რომ… საკუთარ თავს მუდმივად ვუყენებდე ახალ ამოცანებს და ვძლევდე მათ. აქედან გამომდინარე, ვეძებ სტრატეგიას წარმატებული პირადი მენეჯმენტისათვის; ვეძებ რეკომენდაციებს საკუთარი წარმატების დაგეგმვისა და სხვების წარმატებული მოტივირებისათვის, რადგანაც ჩემი წარმატება სხვა ადამიანებზეცაა დამოკიდებული.
მოკლედ მიმოვიხილოთ წარმატების თემის ზოგიერთი საკვანძო საკითხი:
შეცდომები
თუ წარმატებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ ჩვენი დამოკიდებულება შეცდომების მიმართ. როგორ ვრეაგირებთ, როდესაც შეცდომას ვუშვებთ? როგორ ვრეაგირებთ, როდესაც სხვა უშვებს შეცდომას?
დასახული მიზნის მიღწევა შეცდომების გარეშე შეუძლებელია. მთავარია არა იმის ცოდნა, თუ როგორ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ შეცდომა, არამედ იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც შეცდომას უშვებთ.
დააკვირდით ბავშვის ქცევას. თუ იგი შეცდომას უშვებს, შეყოვნდება, გაიცინებს და თავიდან სცდის. შეცდომა კი არ ამუხრუჭებს, არამედ, ფრთებს ასხამს მას, ცნობისმოყვარეობას აღძრავს მასში. შეცდომა შეიცავს გამოწვევას, რომელსაც ბავშვი სიამოვნებით იღებს. ბავშვისათვის თითოეული შეცდომა სწავლის, ზრდის და მეტი გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა.
მოზრდილის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა: თუკი რამ შეეშალა, ზრდასრული ადამიანი ჩუმად მიიხედ-მოიხედავს, რათა დაადგინოს, შეამჩნია თუ არა ვინმემ; ზრუნავს, რომ საკუთარი შეცდომა დამალოს, თითქოს, არაფერი მომხდარა. ასე იმიტომ ხდება, რომ დიდები მისგან სრულყოფილებას მოელიან. შეცდომებს სკოლაში წითელი ხაზით აღნიშნავენ და ნამუშევარს დაბალ შეფასებას აძლევენ. ამიტომაც, მოზრდილთა მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილს შეუძლია, შეცდომების მიმართ დადებითი დამოკიდებულება შეინარჩუნოს, იყოს მომთმენი და ტოლერანტული საკუთარი და სხვისი შეცდომების მიმართ.
„წარუმატებელი“ ადამიანი (loser) შეცდომას განიხილავს, როგორც არაეფექტიანი ქმედების დასასრულს. იგი თვალთახედვიდან კარგავს საკუთარ მიზანს და დამნაშავეს ეძებს – ან „სხვები“ არიან სულელები და ბოროტები, ან გარემოა უვარგისი, ან თვითონ არის უუნარო.
„წარმატებული“ ადამიანი (winner) საპირისპიროდ რეაგირებს. პირველი რეაქცია შეცდომაზე არის გაოცება. შეცდომა წარმატებულ ადამიანს მიზანს კი არ აშორებს, არამედ, ახალი გამოსავალის ძებნისკენ უბიძგებს. შეცდომა წარუმატებელი ქმედების დასარული კი არა, მიზნისაკენ მიმავალი ახალი გზების ძიების დასაწყისია.
მაშასადამე, შეცდომა გეხმარებათ და თავს ნუ აარიდებთ მას. სწავლას და განვითარებას შეცდომის გარეშე საერთოდ ვერ შეძლებთ.
დამარცხება
დამარცხებაც (მარცხი) ყოველთვის არსებობს. დამარცხება სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. მან შეიძლება მთლიანად დაარღვიოს ადამიანის ნდობა საკუთარი თავის მიმართ, ან პირიქით – გაამყაროს; შესაძლოა, დეპრესიაში ჩააგდოს ადამიანი, ან, პირიქით, სტიმულის როლი შეასრულოს. მაგალითად, დისკუსიაში გამარჯვება, ძირითადად, კმაყოფილების გრძნობას იწვევს და მეტს არაფერს. წარმატება მხოლოდ დადასტურებაა, მაგრამ სწავლა – არ არის. დამარცხება კი, შესაძლოა, თქვენი განვითარებისთვის ღირებული აღმოჩნდეს. წარმატებული ადამიანები, როგორც წესი, დამარცხებაზე სწორად რეაგირებენ.
პრობლემები
იმ რეალობის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორის – სამეტყველო ენა. პრობლემების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ამის ნათელი დადასტურებაა. გავიხსენოთ გამოთქმები:
- პრობლემა მაქვს;
- ბევრი პრობლემა მაქვს;
- მე უფრო მეტი პრობლემა მაქვს, ვიდრე სხვას;
- მე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები მაქვს, ვიდრე შენ; – და სხვა მსგავსი…
ერთი შეხედვით, ეს გამოთქმები, შესაძლოა, სწორადაც კი მოგვეჩვენოს. სინამდვილეში, რა გვაქვს ჩვენ, როდესაც პრობლემა „გვაქვს“?
თუ ფიქრობთ, რომ პრობლემა არის რაღაც იმგვარი, რისი „ქონაც“ შეიძლება, მაშინ გამოვა, რომ პრობლემამ თქვენს გარეშეც შეიძლება იარსებოს. თუ იტყვით – „მე მყავს ავტომანქანა“, ავტომანქანა თქვენს გარეშეც არსებობს. მაგრამ როდესაც ამბობთ -„პრობლემა მაქვს” – საქმე სხვაგვარადაა.
როდესაც ადამიანი ამბობს, რომ პრობლემა აქვს, იგი იმყოფება კონკრეტულ სიტუაციაში, რომლის კონკრეტულ ასპექტსაც პრობლემატურად აღიქვამს და შესაბამის იარლიყსაც აწებებს. ეს ასპექტი მას პოზიტიურად რომ აღექვა, ბუნებრივია, პრობლემა არ ექნებოდა. აქედან გამომდინარე – არ არსებობს პრობლემა, არსებობს მხოლოდ სიტუაცია, რომელსაც ჩვენ პრობლემურს ვუწოდებთ.
ადამიანები, როგორც წესი, სანამ საკუთრივ პრობლემას შეიმეცნებენ, მანამ ცდილობენ მის გადაჭრას. ეს კი მათ ჩიხში აქცევს: ჯერ ერთი, უმეტეს შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება პრობლემის გადაჭრა და, მეორეც, თუ გადაწყვეტის გზის მოძებნა მოხერხდება, ის პრობლემის სიმპტომს მოაგვარებს და არა მიზეზს. პრობლემის მოგვარების შანსი მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც თავად ძირეული პრობლემაა ნაპოვნი. ამისათვის კი სამსაფეხურიანი მეთოდი გამოდგებათ:
- ნაბიჯი I: დაადგინეთ, სიტუაციის რომელი ასპექტი ხდის მას პრობლემატურად.
- ნაბიჯი II: დაეკითხეთ საკუთარ თავს, რატომ არის სწორედ ეს ასპექტი ასე „ცუდი“? რა მოხდება ყველაზე უარეს შემთხვევაში, – თუ ვერ დაძლევთ მას?
- ნაბიჯი III: ჰკითხეთ საკუთარ თავს, შეგიძლიათ თუ არა რაიმე არსებითი მოიმოქმედოთ „პრობლემის“ გადასაჭრელად?
პოზიტიური პასუხის შემთხვევაში, დამატებითი შეკითხვა ჩნდება: ღირს კი გაწეული რესურსი მოსალოდნელ შედეგად?
ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, გადაამოწმეთ თქვენი დამოკიდებულება სიტუაციის მიმართ.
სიმპათია
მიზნის მიღწევისათვის პიროვნული სიმპათია და ხიბლი საჭირო და გამოსადეგი საშუალებაა. ხანდახან, როდესაც რაიმეს გატანა, განხორციელება გსურთ, მიზნის მისაღწევად, შეიძლება, მხოლოდ ხიბლიც კი საკმარისი აღმოჩნდეს. მენეჯერს, რომელიც უყვართ, სასწაულის მოხდენა შეუძლია, განსაკუთრებით, კრიზისულ სიტუაციებში. თუმცა, არსებობს ვითარება, როდესაც „შარმი” ტვირთად გადაიქცევა, მაგალითად, როდესაც გადაწყვეტილების მიღებისას სიმტკიცის გამოჩენა იქნება საჭირო. ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებით გაძლიერებული აქვს სიმპათიის მოთხოვნილება. ამგვარი მენეჯერი დიდ ძალისხმევას ხარჯავს საკუთარი იმიჯის შენარჩუნებასა და დაცვაზე, რაც უქვეითებს მას ხასიათის სიმტკიცის გამოჩენის უნარს და ადვილად მანიპულირებადს ხდის.
ამ დილემის გადაჭრა ერთი წინადადებითაა შესაძლებელი: მენეჯერი აშკარად არ უნდა გამოხატავდეს სიმპათიის მოთხოვნილებას; იგი ისე უნდა იქცეოდეს, რომ უყვარდეთ. მისი ქცევა არ უნდა იყოს დამოკიდებული მასში არსებულ სიმპათიის მოთხოვნილებაზე. გარდა ამისა, სიტყვა „სიყვარული” უნდა შეიცვალოს სიტყვით – „პატივისცემა”.
კომუნიკაცია
ზოგს არანაირი პრობლემა არ აქვს კომუნიკაციის თვალსაზრისით; სხვებს, პირიქით, არ გამოსდით ეს საქმე. ზოგიერთს შეუძლია, თავის სამუშაო დროს უარი თქვას კომუნიკაციაზე, სხვებს კი სურთ, დახვეწონ ამ სფეროში საკუთარი უნარები. კომუნიკაცია არის უნარი, რომელიც შეიძლება შეიძინოთ. სხვა ადამიანებზე დამარწმუნებლად ზემოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუამავლებისთვის (მაგალითად, მოლაპარაკების დროს). ამასთან, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, თავად არის თუ არა შუამავალი დარწმუნებული იმაში, რაშიც სხვებს არწმუნებს. ამ მიზნის მისაღწევად სასარგებლოა იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება სხვების დაჯერება. არ არის აუცილებელი, რომ მსახიობი, რომელიც მკვლელს თამაშობს, კლავდეს; არ არის აუცილებელი, უყვარდეს, როდესაც შეყვარებულს თამაშობს; მან მხოლოდ თავისი მაყურებელი უნდა დააჯეროს. მაგალითად, პრეზენტაციის დროს დამაჯერებელი ზემოქმედებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, არ გამოიყენოთ ჩანაწერები. დიდ უპირატესობას მოიპოვებთ, თუ თავისუფლად ლაპარაკს შეძლებთ. ფურცლები აუდიტორიასთან კონტაქტს დაგაკარგვინებთ.
შემოვლითი გზით – მიზნისაკენ
რაღაცის დათმობა უფრო მნიშვნელოვანის მისაღწევად წარმატებული ტაქტიკის თამაშის წესების ნაწილია. კარგმა ტაქტიკოსმა იცის, როდის არის უკან დახევის და დათმობის დრო.
წარმატებული სტილის მახასიათებლები
წარმატებული ადამიანების აშკარა დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ თითოეულ მათგანს წარმატების ინდივიდუალური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, პიროვნული სტილი აქვს. რაში მდგომარეობს სტილი? არსებობს ქცევის განსაზღვრული სტილი, რომელსაც წარმატებისაკენ მივყავართ? ცხადია, ასეთი რამ არ არსებობს.
წარმატებულ ადამიანთა გამოკითხვები განსხვავებული სტილის ფართო სპექტრს ავლენს. ნიშნავს ეს, რომ ყველა სტილი დამაკმაყოფილებელია? ალბათ, არა. არსებობს უამრავი წარმატებული სტილი და უამრავი სტილი, რომელსაც წარუმატებლობა მოაქვს. შესაძლოა, წარმატებულ ადამიანს რისკზე წასვლა უყვარდეს, ან, პირიქით, უპირატესობას რისკისთვის თავის არიდებას ანიჭებდეს. ამასთან, სიფრთხილე მშიშრობას არ ნიშნავს. მშიშარა ადამიანი წარმატებული, ალბათ, ვერ იქნება.
იქნებ, არსებობს რაიმე სტილი, რომელიც – თუ საკუთარ სტილად აქცევთ – წარმატების მიღწევის ალბათობას გაგიზრდით?
ტრადიციული წარმოდგენით, წარმატებულ ადამიანს ახასიათებს ნებისყოფა, მიზანსწრაფულობა და თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობა. თუმცა, საოცრად ცოტა წარმატებული ადამიანი შეესაბამება ამ წარმოდგენას.
- სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ წარმატებული სტილი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ მათი პიროვნილი სტილი ტრადიციულ წარმატებულ სტილს არ შეესაბამება, ეს სტიმულის როლს შეასრულებს.
- შეეცადეთ, საკუთარი სტილი იმდენდ ზუსტად გამოკვეთოთ, რომ შეგეძლოთ მისი ზეპირი ან წერილობითი ფორმულირება. ჰკითხეთ კოლეგებს, როგორ აღწერდნენ ისინი თქვენს სტილს. მაგრამ ყოველთვის ნუ დაუჯერებთ მათ. სხვების შეფასებამ საკუთარ თავში დაურწმუნებულობის განცდა არ გაგიჩინოთ.
- უმჯობესია, თქვენი სტილის ძლიერი მხარეები და ღირსებები სრულყოთ, ვიდრე მისი მთლიანად გადაკეთება სცადოთ.
- გადაწყვეტილების მიღებისას, დაგეგმვისას და არჩევანის გაკეთებისას გაიაზრეთ, შეესატყვისება თუ არა ეს თქვენს სტილს.
- გააცნობიერეთ საკუთარი სტილის ნაკლოვანი მხარეები, მაგრამ ამან გამბედაობა არ მოგაკლოთ და თავის გასამართლებლად არ გამოიყენოთ ისინი.
- თანმხლები გარემოებები ისე შეარჩიეთ, რომ თქვენს სტილს საუკეთესოდ შეესაბამოს.
- იყავით გამბედავი, დარწმუნებული, ეგოცენტრული, მაგრამ არ ელოდოთ, რომ მე ან ვინმე გეტყვით – როგორ.
- დამარცხება განიხილეთ ჩრდილად, რომელიც საერთო სურათს სწორ კონტრასტს უქმნის.
წარმატების ტაქტიკა
რამდენად არის დამოკიდებული წარმატება ბედნიერ შემთხვევაზე?
- შეეცადეთ, იყოთ იმ გარემოში, რომელიც წარმატებაზეა ორიენტირებული.
- არ ელოდოთ, რომ შემთხვევით ოდესმე სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდებით; განივითარეთ სწორი ადგილისა და დროის აღქმის ალღო და სწორ დროს, სწორ ადგილას ჩაყარეთ საფუძველი.
წარმატებისათვის მომზადება
- გადამწყვეტი ფაქტორია, რომ იმის გაკეთება გიწევდეთ, რასაც ნამდვილად სიამოვნებით და ასევე კარგად აკეთებთ (მაგრამ, – იხილე ქვემოთ).
- არსებობს გარკვეული სფეროები (მაგალითად, უძრავი ქონება), რომლებშიც გაცილებით იოლია იყო წარმატებული, ვიდრე სხვა სფეროებში. ასევე არსებობს სფეროები, სადაც შეიძლება წარმატების მიღწევა მცირე ნიჭითა და მძიმე შრომით, მაშინ როდესაც სხვაგან მეტი ბუნებრივი მონაცემები, ტალანტია საჭირო. ასეთია რეალობა.
- წარმატებული ადამიანების უმეტესობა თავისი მოღვაწეობის სფეროს, როგორც ჩანს, განსაკუთრებული ძალისხმევით არ ირჩევს – თუმცა, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ თქვენც ასე მოიქცეთ.
- თავისთავად, ცუდი არაფერია საკუთარი სფეროს, საკუთარი კარიერის ან საკუთარი მიზნის შეცვლაში. ბევრი წარმატებული ადამიანი მოქცეულა ამგვარად.
- ადამიანებთან კონტაქტები უკიდურესად მნიშვნელოვანია (არა ის, თუ რა იცით, არამედ – ვის იცნობთ).
- ძალზე მნიშვნელოვანია ხელსაყრელი სიტუაციის ამოცნობისა და შემჩნევის უნარი მაშინ, როდესაც ის ჯერ არც დამდგარა. ასევე მნიშვნელოვანია ზუსტად ამ სიტუაციის გათვალისწინებით ქმედება.
- შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი იყოს უნარებისა და გამოცდილების უჩვეულო, არატრადიციული კომბინაცია, ვინაიდან ამგვარ სფეროებში კონკურენცია ნაკლებია.
- ბევრ სფეროში არსებითი უპირატესობაა სანდოობა.
- ბევრი წარმატებული ადამიანისათვის პირველი ნაბიჯი იყო ვინმესთან პარტნიორობა.
- მცირე წარმატება შეიძლება ასევე ერთგვარი სატყუარა იყოს, როდესაც უფრო დიდი წარმატება გსურთ.
- რთული გამოწვევების მხედველობაში მიღება ღირს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტორები თქვენი გავლენის სფეროშია. თუ მათზე გავლენა შეუძლებელია, მაშინ დროს ამაოდ კარგავთ.
- საკუთარითავის ცნობა
- არ იფიქროთ, რომ სულ უფრო მეტი თვითანალიზი სულ უფრო უკეთესი და უკეთესია.
- საკუთარი თავის გამოცდის მიზანი ახალი აღქმის, განცდებისა და დაკვირვებების შექმნაა და არა დოგმატური განმარტებების წერილობით დაფიქსირება.
- საჭიროა საკუთარი პიროვნული სტილის ნათლად ცოდნა.
- სასარგებლოა საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების რეალისტურად შეფასება, მაგრამ არა იმისათვის, რომ ეს თავის მართლების საბაბად იქცეს.
- სასარგებლოა საკუთარ სუსტ მხარეებსა და სირთულეებზე ყურადღების მიქცევა შემდგომში მათ გადასალახად.
- საკუთარი თავის „დაშლა” სასარგებლო არ არის, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ ხელახალი აწყობის შემდეგ უკეთესი გახდებით.
- ყურადღება მიაქციეთ – ანალიზმა მთლიანობის ცალკეულ ელემენტებად დაშლით შეიძლება ის მნიშვნელობა დაარღვიოს, რომელიც მხოლოდ მთელში არსებობს.
წარმატებისათვის არის თუ არა საჭირო რისკზე წასვლა?
- ყოველ წარმატებულ ადამიანს გაკეთებული აქვს არჩევანი მოქმედებასა და უმოქმედობას, აქტიურობასა და პასიურობას შორის. როდესაც ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ, ან შანსს არ უშვებენ ხელიდან, რისკის ფაქტორის მთლიანად გამორიცხვა შეუძლებელია.
- არსებობენ „მოთამაშის ნატურის“ მქონენი, რომლებმაც იციან, რომ შესაძლებელია ერთ ადგილზე რაღაც მოიგონ და სხვაგან რაღაც დაკარგონ. გადამწყვეტი მხოლოდ ის არის, რომ თამაშში დარჩნენ.
- მიუხედავად ამისა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ, მაქსიმალურად გამორიცხონ რისკის შესაძლო ფაქტორები, რადგანაც მათი სფერო უმეტესწილად მუდმივი ზრდით განისაზღვრება და არა რისკით.
- პოტენციური რისკებისა და საფრთხეების შეფასება რეალისტურ ორიენტაციას ახასიათებს.
- მოვლენები, რომლებიც თქვენი გავლენის სფეროს გარეთ არსებობს, შესაძლებელია მოულოდნელი მიმართულებით განვითარდეს. ასეთ შემთხვევაში, წარმატებას მხოლოდ ის მიაღწევს, ვისაც შეცვლილსიტუაციაზე უკეთ რეაგირების უნარი აღმოაჩნდება.
- რისკი და მოგება უნდა აიწონ-დაიწონოს და გააზრებულ უნდა იქნას პოზიტიური და ნეგატიური შედეგები. ამგვარი შედარებები აადვილებს გადაწყვეტილების მიღებას.
- ინოვაციები და ინვესტიციები გარკვეულ რისკებს შეიცავს. ორივე მნიშვნელოვანია. ამიტომაც უნდა სცადოთ, რისკები შეამციროთ და სტიმულები გაზარდოთ.
- თავგადასავლების მიმზიდველობა ბევრი წარმატებული ადამიანისთვის რისკზე წასვლის საფუძველია. იმავდროულად, უმეტესობა ცდილობს, რამდენადაც შესაძლებელია, შეამციროს რისკები.
- როგორც ჩანს, წარმატებული ადამიანები სიამოვნებით აკეთებენ რისკის შემცველ საქმეებს. მაგრამ ვინაიდან ისინი რისკზე რისკის გამო არ მიდიან, ძალზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რაც შეიძლება მცირე იყოს ის.
წარმატების შექმნა
- გჭირდებათ სტრატეგია? თუ სტრატეგიის გარეშეც წარმატებული ხართ,მაშინ ალბათ – არა. სხვა შემთხვევაში, უნდა შეიმუშაოთ ის.
- სტრატეგია საფუძველს გაძლევთ, ინიციატივა გამოიჩინოთ,რაღაც დაიწყოთ, გააქტიურდეთ.
- სტრატეგია აფართოებს მომავლის ხედვას (პერსპექტივას) და რისკზე წასვლის ან ისეთი საქმეების კეთების მზაობას, რომლებსაც ხანმოკლე პერიოდში, თითქოს, აზრი არ აქვს.
სტრატეგია შეიცავს დირექტივებს გადაწყვეტილების მიღებისათვის და პასუხობს შეკითხვას: „შეესატყვისება ეს ჩემს სტრატეგას“?
- არსებობს სპეციფიკური სტრატეგიები, რომლებიც წარმატების გზაზე ცალკეულ ნაბიჯებს ადგენს. ეს იგივეა, რაც გარკვეული სტრატეგია ჭადრაკში.
- არსებობს ასევე გენერალური სტრატეგიები, რომლებიც დირექტივებისგან (მითითებებისგან) და პრინციპებისგან შედგება. მათი გამოყენება ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება.
- შესაძლებელია ინდივიდუალური სტილის, პიროვნებისა და გონებრივი შესაძლებლობების გამოყენება, როგორც სტრატეგიისა; მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ უნდა დაეყრდნოთ, როდესაც წარმატება გარანტირებულია.
- სტრატეგია არ არის დეტალური გეგმა (რომელიც, ალბათ, ასევე გჭირდებათ), ის ფართო პერსპექტივაა. დროდადრო საჭიროა სტრატეგიის ხელახლა გააზრება, კეთილსინდისიერად გადამოწმება, სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობიერება.
- სტრატეგიას განეკუთვნება რესურსების არა მხოლოდ სწორი გამოყენება, არამედ – სწორი განვითარებაც.
გუნდური მოტივაცია
- თანამშრომელთა მიღებისას თქვენთვის უნდა გაარკვიოთ, „მრვალმხრივ ტალანტს“ ეძებთ, თუ კანდიდატს სპეციფიკური დავალების შესასრულებლად. მეორე შემთხვევაში, უნდა დაადგინოთ, რომელი პროფილია სასურველი. სწორი ადამიანის სწორ ადგილას დასაქმება სტრატეგიული უნარია.
- თქვენი ახალი თანამშრომლის გამოცდის საუკეთესო საშუალება გამოცდის მიზნით მასთან თანამშრომლობაა. მოკლე გამოსაცდელი ვადა შეგიქმნით შთაბეჭდილებას კანდიდატის პიროვნების შესახებ, მაგრამ მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ შეიძლება იმის დადგენა, თუ როგორ რეაგირებს იგი სტრესულ სიტუაციებსა და პრობლემებზე.
- თუ თქვენი მუშაობის სტილი ჰგავს იმპრესარიოს სტილს, მაშინ საუკეთესო ადამიანები უნდა ეძებოთ. ხოლო თუ თქვენი საკუთარი იდეების განხორციელება გსურთ, მაშინ გჭირდებათ თანამშრომელთა შტაბი, რომელიც მთლიანად გიჭერთ მხარს.
- ბევრ წარმატებულ ადამიანს შეუძლია იმგვარი პარტნიორობის გამოყენება, რომლის დროსაც ერთი ფლობს უნარს და ნიჭს, რომელიც მეორეს წარმატებისათვის სჭირდება.
- წარმატებული ადამიანი თითქმის ყოველთვის არის დამოკიდებული კარგი გუნდის დახმარებაზე.
- დელეგირებას მართვის პროცესისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ უნდა გაიაზროთ თქვენი წარმოდგენების რეალიზაციას ანდობთ თანამშრომელს, თუ მას საკუთარი წარმოდგენები და აზრები უნდა ჰქონდეს.
- დელეგირება არ ნიშნავს კომუნიკაციის გაუარესებას.
- თანამშრომელთა მოტივირება შეიძლება მოითხოვდეს როლებისა და მიზნების ნათელ განსაზღვრას. მოტივირება ნიშნავს ადამიანთა მართვას, მათი პიროვნული ჩართულობის მხარდაჭერას და მიღწევების აღიარებას. ყოველივე ეს კი მოითხოვს კომუნიკაციას ბარიერების გარეშე.
- შექებას და აღიარებას ისეთივე ზეგავლენა აქვს, როგორიც მატერიალური სახის სტიმულებს.
- მიზანმიმართულად გამოთქვით კრიტიკა, მაგრამ მიმართეთ ის დავალების შესრულებისკენ და არა დავალების შემსრულებლისკენ.
- იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი თანამშრომლები თავად აცნობიერებდნენ საკუთარ შეცდომებს.
- დაასკვენით, შეესატყვისება თუ არა თქვენი თანამშრომელი თავისი პოზიციის მოთხოვნებს. ამ დროს პრინციპულად ნუ მიიღებთ მხედველობაში იმ ღონისძიებებს, რომლებიც შემდეგ, ამ დასკვნაზე დაყრდნობით უნდა განახორციელოთ.
- კომუნიკაცია შედგება როგორც შინაარსისგან, ასევე თავად თქვენი პრეზენტაციისგან. ქცევის მანერა არსებითად უწყობს ხელს ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
- ყველა ადამიანს სურს, იყოს ინდივიდუუმი და, ამავე დროს, რაღაც მთლიანის ნაწილი.
- ხანგრძლივ დროზე გათვლილად, შესაძლებელია, ადამიანური ღირებულებები სასარგებლო იყოს საქმიან ცხოვრებაში მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთ მომენტში ასე არ გვეჩვენება.
ტაქტიკური თამაშები
- სწრაფი მოგება, ან პრინციპი – „ისარგებლე მომენტით“, შესაძლებელია მომგებიანი იყოს გარკვეულ სიტუაციაში. მაგრამ ძნელია ამ მოგების გამყარება და ის არ წარმოადგენს საფუძველს ხანგრძლივი წარმატებისათვის.
- შეუბღალავ რეპუტაციასა და სანდოობას, სულიერი ცხოვრებისთვის მათ მნიშვნელობასთან ერთად, პრაქტიკული ღირებულებაც აქვს. ის ამარტივებსგადაწყვეტილების მიღების პროცესს და ხელს უწყობს საქმეში თქვენს დარჩენას.
- ისწავლეთ განსხვავება იმას შორის – რაც „გარკვეული სახით კეთდება, რადგან ყოველთვის ასე კეთდებოდა” – და მას შორის, რაც გარკვეული სახით კეთდება. დაუწერელი კანონების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმიანი ცხოვრების უპრობლემო მიმდინარეობის გარანტირება.
- როდესაც იმოქმედებთ არსებული სისტემის ჩარჩოში, უფრო სწრაფად მიაღწევთ განზრახულს, ვიდრე როდესაც მოწოდებით პიონერად იგრძნობთ თავს და თამაშის წესების შეცვლას მოისურვებთ.
- სისტემის მოტყუება არც ჭკვიანური საქციელია და არც გმირული.
- ხანდახან მიზნამდე მისვლა მხოლოდ შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.
- განსხვავებულ „თამაშებსა“ და სიტუაციებს განსხვავებული წესები აქვს. სცადეთ მათი შეცნობა, გაცნობიერება.
- მოლაპარაკების სიტუაციაში, რეალური ღირებულებების გვერდით, სუბიექტური და ცვლადი ღირებულებებიც არსებობს.
- ეცადეთ, მცირედითაც დაკმაყოფილდეთ და არ იცხოვროთ დევიზით: „ყველაფერი ან არაფერი“.
- ტაქტიკა არასოდეს არის საბოლოო მიზანი; ის მხოლოდ ხანგრძლივი მიზნის განხორციელებას ემსახურება.
- მოლაპარაკების დროს მზად უნდა იყოთ დათმობებისათვის და უნდა ეცადოთ, მოლაპარაკების პარტნიორი თქვენთვის ხელსაყრელ შედეგამდე მიიყვანოთ.
- ზოგ სიტუაციაში არსებობს მოგებული და წაგებული,ზოგში კი შესაძლებელია ორმხრივი მოგება (არსებობს მოგებული და მოგებული). იმისათვის, რომ მოგებული დარჩეთ, არ არის აუცილებელი, თქვენი მოწინააღმდეგე დამარცხდეს.
- მოულოდნელმა და ირაციონალურმა სვლამ შესაძლებელია თქვენი მოწინააღმდეგე „კალაპოტიდან ამოაგდოს”.
- თუ წინ ვეღარ მიდიხართ, პერსპექტივა ან დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ.
- გადაწყვიტეთ, ღია „კარტით” გსურთ თამაში თუ – დაფარულით. ორივე ტაქტიკას თავისი უპირატესობები აქვს. ამოირჩიეთ ერთი ან მეორე საუკეთესო გზა.
- სცადეთ ინიციატივის გამოჩენა, ნაცვლად იმისა, რომ სიტუაციასა თუ მოსაუბრეზე ახდენდეთ რეაგირებას. იყავით აქტიური და არა – რეაქტიური.
- ტაქტიკამ ისე არ გაგიტაცოთ, რომ საკუთრივ მიზანი დაგეკარგოთ მხედველობიდან.
მოაზროვნე და საქმიანი ადამიანი
- არსებობს ლოგიკური და პერცეპტორული (ლატერალური) აზროვნება და ინტუიცია.
- არსებობს აზროვნების ტიპი, რომელიც თეორიას ეყრდნობა და აზროვნების ტიპი, რომელიც პრაქტიკაზე, მოქმედებაზეა მიმართული.
ინტუიციამ შეიძლება მიგვიყვანოს წარმატებამდე ან წარუმატებლობამდე.
- შეფასებისა და მსჯელობის დროს ინტუიცია ხშირად არის ორიენტირებული გამოცდილებასა და ესთეტიურ კრიტერიუმებზე და ისეთი ფაქტორების კომპლექსურ შეთანხმებას ეყრდნობა, რომელთაგანაც ყველა არ ექვემდებარება რაციონალურ ახსნას.
- კატეგორიული აზროვნება შესაძლებელია ძალზე მნიშვნელოვანი იყოს. შექმენით თქვენი საკუთარი კატეგორიები და გამოარკვიეთ, შეგესატყვისებათ თუ არა მათ მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები.
- ხანდახან კარგია საკუთარი აზროვნების მექანიზმის ინფორმაციით შევსება და დაცდა, სანამ ყველაფერი თავისთავად მოწესრიგდება.
- თანამშრომლობა შესაძლებელია ძალზე სასარგებლო იყოს, მაგრამ როდესაც რაიმე იდეასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ, თავადვე უნდა განავითაროთ ის.
- სხვადასხვა სიტუაცია აზროვნების სხვადასხვა ტიპს მოითხოვს, ზუსტად ისევე, როგორც მანქანის მართვისას იცვლება სიჩქარე სიტუაციის შესაბამისად.
აღნიშნული რეკომენდაციები მიღებულია დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე წარმატებული ადამიანების ცხოვრებაზე დაყრდნობით. ალბათ, საქართველოში წარმატების მიღწევას თავისი სფეციფიკა აქვს.
მადლიერი დავრჩებით, თუ გაგვიზიარებთ (info@roigroup.ge) თქვენი წარმატებული საქმიანობის გამოცდილებას.
- რამ შეგიწყოთ ხელი შედეგების მიღწევაში;
- როგორია ქართული წარმატებული სტრატეგიის არსი;
- რა ბარიერები დაგხვდათ და როგორ დაძლიეთ ისინი;
- რა როლი ითანაშა ბედნიერმა შემთხვევამ ან გამართლებამ.
—
- წყარო: www.nplg.gov.ge
- #ინვესტიციაგანათლებასი