...

EQ – ემოციური ინტელექტი

სოციალური ქსელი


,

ბევრ ჩვენთაგანს გაუგია ინტელექტის კოეფიციენტის – IQ-ს შესახებ.  IQ – Intelligence quotient – ეს არის მაჩვენებელი ქულა, რომელსაც პიროვნება იღებს ადამიანური ინტელექტის შემფასებელი რომელიმე სტანდარტიზებული ტესტირების პასუხების საფუძველზე. რაც უფრო მაღალია IQ , მით უფრო განვითარებულია ადამიანში ლოგიკური აზროვნება, შემეცნებითი და ათვისების უნარები.

წარმატება მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებისთვის ბევრად ნაკლები ძალისხმევით მიიღწევა. ისინი ხასიათდებიან იმ უნარების ერთობლიობით, რომლითაც გამოირჩევიან საზოგადოებაში – არიან მეტად სხარტები, ეფექტურად და ლოგიკურად მოაზროვნენი.  შეიძლება ადამიანმა იფიქროს კიდეც, როგორ ისწავლოს, რომ ჰქონდეს ინტელექტის მაღალი კოეფიციენტი. თუმცა იყო ნასწავლი პირდაპირ არ ნიშნავს გქონდეს მაღალი IQ.

ემოციური ინტელექტი – EI ან EQ არის შედარებით ახალი ტერმინი და თეორია, რომელიც პირველად 1995 წელს დანიელ გოლმანმა განავითარა. ემოციური ინტელექტი – ეს არის ადამიანის უნარი შეიცნოს და მართოს საკუთარი ემოციები, ასევე ემპათიურად იყოს განწყობილი სხვა ადამიანის/ადამიანების მიმართ.

მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანისთვის მარტივია აღიქვას სხვა ადამიანის განწყობა, გაითავისოს ჯგუფში არსებული სიტუაცია, ადაპტირდეს და დაარეგულიროს ურთიერთობები. ამისათვის, პირველ რიგში ის გაწონასწორებულია შინაგანად, შეუძლია სტრესის ეფექტურად მართვა და ნაკლებადაა მიდრეკილი დეპრესიისკენ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაღალი ინტელექტის კოეფიციენტს არანაირი კავშირი აქვს ემოციურ ინტელექტთან. ადამიანებში მაღალი IQ არ განსაზღვრავს სოციალურ უნარებს. ამის მტკიცებულებაა ის, რომ ჩვენ ყველა შევხვედრივართ ძალიან ჭკვიან ადამიანს, რომელსაც არ აქვს არანაირი წარმოდგენა როგორ მართოს ურთიერთობები.

ემოციური ინტელექტის განვითარება შესაძლებელია. პირველი ნაბიჯი შესაძლოა იყოს ემოციური ინტელექტის შეფასების ტესტების გაკეთება, სადაც მაქსიმალურად გულწრფელად უპასუხებთ კითხვებს რეალური შედეგის მისაღებად. გარკვეულწილად ფსიქოლოგიის შესწავლა, თვითანალიზი და ასევე სხვა ადამიანებზე დაკვირვებაც დაგეხმარებათ უკეთესად აღიქვათ ემოციები და მართოთ ისინი. დაიმახსოვრეთ, ემოციური ინტელექტზე მუშაობა მთელი ცხოვრება შეიძლება გაგრძელდეს იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის ფსიქოლოგია ბევრად უფრო ღრმა და კომპლექსურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ემოციური ინტელექტის ელემენტები

დანიელ გოლმანმა ემოციური ინტელექტი დაყო პერსონალურ და სოციალურ კომპონენტებად. ცხრილში ნათლად ჩანს განსხვავებები ამ ორ ტერმინს შორის:

პერსონალურისოციალური
საკუთარი პიროვნების მართვაადამიანებთან ურთიერთობების მართვა
საკუთარი თავის აღქმა – გრძნობებისა და ემოციების გაანალიზებასწორი თვითშეფასებათავდაჯერებულობაემპათია – სხვა ადამიანის ემოციების გაგების უნარიადამიანის განვითარების ხელშეწყობასურვილი დაეხმარო სხვასდაეხმარო სხვას  რეალიზებაში
საკუთარი თავის მართვა – ემოციების კონტროლინდობა საკუთარი თავის მიმართგაწონასწორებულობაშემგუებლობითი უნარიგანვითარების სურვილიდიპლომატია – სოციალური უნარებიგავლენაკომუნიკაციაკონფლიქტის მენეჯმენტი
მოტივაცია – მიზანზე ორიენტირებასიმტკიცე გადაწყვეტილებებისადმიინიციატივაოპტიმიზმილიდერობა – ცვლილებების ინიციატორიპიროვნული კავშირის ჩამოყალიბების უნარითანამშრომლობაგუნდში მუშაობის უნარი

პერსონალური უნარი (კომპეტენცია)

პერსონალური უნარები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს:

1. საკუთარი თავის აღქმა

რაც გულისხმობს საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გაანალიზებას, სწორ თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობას. ადამიანის განვითარებისათვის თვითაღქმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია და აუცილებელია ეს პროცესი სწორად წარიმართოს. გასათვალისწინებელია, რომ ემოციების მხოლოდ პოზიტიურად ან ნეგატიურად შეფასება საკმარისი არ არის. მაგალითად, ბრაზი თავისთავად ნეგატიური ემოციაა, თუმცა შესაძლოა გარკვეულ სიტუაციებში ადეკვატური იყოს. ემოციური ინტელექტი გვეხმარება გავიგოთ რამდენად მართებულია ემოცია ამა თუ იმ სიტუაციაში. სწორი შეფასებები კი გვეხმარება ვიყოთ მეტად თავდაჯერებულები.

2. საკუთარი თავის მართვა

ემოციების კონტროლი, ნდობა საკუთარი თავის მიმართ, გაწონასწორებული ემოციური მდგომარეობა, ადაპტაცია და განვითარებისკენ სწრაფვა არის უნარები, რომლებიც საკუთარი თავის მართვაში გვეხმარება. საზოგადოებაში არსებობს ქცევის გარკვეული მოლოდინები, მისაღები და სასურველი ქმედებები, რომლის განხორციელებისთვის საკუთარი თავის მართვა აუცილებელია.

3. მოტივაცია

მოტივაცია არის სწრაფვა განვითარებისა და მიღწევებისადმი, მზაობა თავი მიუძღვნა დასახულ მიზნებს, ბოლომდე შეინარჩუნო ოპტიმიზმი და სიცოცხლის ხალისი.

მნიშვნელოვანია რომ ადამიანს შეეძლოს საკუთარი თავის მოტივაცია და დროის მენეჯმენტი. ზედმეტად მაღალი მოთხოვნებისა და მიზნების დასახვა არასწორია, რადგან გრძელვადიან პერიოდში ეს აუცილებლად ნეგატიურ გავლენას მოახდენს მოტივაციასა და საბოლოოდ მისაღწევ შედეგებზე.

სოციალური, ინტერპერსონალური უნარი (კომპეტენცია)

ემოციური ინტელექტი ასევე მოიცავს ინტერპერსონალურ უნარებს, რომლებსაც ვიყენებთ სხვა ადამიანებთან ინტერაქციის დროს. მათ გარეშე გაგვიჭირდებოდა ადეკვატური,  არსებითი და მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბება. სოციალური უნარები ხასიათდება:

ემპათია

ემპათია არის სხვა ადამიანის/ადამიანების საჭიროებებისა და ემოციების აღქმის უნარი, ასევე ადამიანების დახმარების სურვილი, მათ  განვითარებასა და  რეალიზებაზე ზრუნვა, დიპლომატია.

ემპათიის გამოხატვა ხანდახან რთულიც შეიძლება იყოს, რადგან დიდ ემოციურ ძალისხმევას საჭიროებს. იგი მოიცავს ყურადღებით მოსმენის უნარს, როგორც ვერბალურ (შესატყვისი შორისდებულების გამოყენება, წახალისება, გამეორება-პერეფრაზი, დაზუსტება), ასევე არავერბალურ (მხედველობითი კონტაქტი, არავერბალური სიგნალების გამოყენება) ჟესტებს.  აუცილებელია სხვისი შეხედულებების პატივისცემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა მოსაზრება გაგვაჩნია. განმკიცხველი ან დამამცირებელი შეფასებების გაკეთება არ არის მისაღები და კორექტული ქცევა.

სოციალური უნარები

სოციალური კომპეტენცია არის უნარების ფართო სპექტრი, როგორიცაა ადამიანების წახალისება, მათზე გავლენის ქონა, კონფლიქტის მენეჯმენტი, კავშირების ჩამოყალიბება და თანამშრომლობა.

სოციალური უნარები პირდაპირ კავშირშია ადამიანის თვითშეფასებასა და თავდაჯერებულებასთან. მათი განვითარება მოიცავს ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკებს – სასაუბრო თემის მარტივად მოძებნასა და აქტიურ მოსმენას, ასევე სხვისი ემოციების გაზიარებასა და ნდობის მოპოვებას. ამ თვისებების მქონე ადამიანები საზოგადოებაში ბევრად უფრო მიმზიდველები და ქარიზმატულები არიან.

როგორც ვნახეთ, ემოციური ინტელექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ასპექტი  ადამიანის პიროვნულ დონეზე განვითარებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი ემოციური ინტელექტის ქონა განსაზღვრავს წარმატებას როგორც პირად, ასევე კარიერულ ასპარეზზე. ასე რომ,  პერსონალური და სოციალური უნარების გაუმჯობესება მეტად საინტერესო და ქარიზმატულ პიროვნებებად გაქცევთ, რაც საბოლოო ჯამში თქვენს თვითშეფასებაზეც საუკეთესოდ აისახება.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.